четверг, 9 июня 2016 г.


კოტეს და ნადეჟდას სიყვარულის ამბავი, ძველი თბილისის სურნელი და მარჯანიშვილის დაჩქარებული ჯვრისწერის მიზეზი.
 
კოტე მარჯანიშვილი, შვილი კოტიკი, მეუღლე ნადეჟდა ჟივოკინი
1872 წლის 9 ივნისს  დაიბადა რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი, მისი მეუღლე ნადეჟდა ჟივოკინი, 1876 წელს. 120 წლის წინ, ტიფლისის წმინდა ბარბარეს ეკლესიაში მათ ჯვარი დაიწერეს.

მარჯანიშვილისა და ჟივოკინის წინაპრები

კახეთის მდიდარი და გავლენიანი თავადის, სოლომონ ჭავჭავაძის ცოლ-შვილი ჟამიანობამ იმსხვერპლა. 70 წლის თავადი ბედის უკუღმართობას არ დანებდა, მას გლეხის ცოლი შეუყვარდა, მოიტაცა და ცოლად შეირთო. სოლომონის ქალიშვილი - უმშვენიერესი ელისაბედი, ილია ჭავჭავაძეზე ყოფილა დანიშნული, მაგრამ მცირე უთანხმოების შემდეგ, მამამ ცოლად გააყოლა ოფიცერ ალექსანდრე მარჯანიშვილს. კოტე მარჯანიშვილი ამ მრავალშვილიანი ოჯახის მერვე და ნანატრი ვაჟი იყო. ნებიერს, ყველა სურვილს უსრულებდნენ და ისიც ბავშვური ფანტაზიით მრავალ ისტორიებს თხზავდა და სისრულეშიც მოჰყავდა.

ნადეჟდა ჟივოკინის ცნობით: მისი იტალიელი წინაპარი, ჯოაკინო დელა მომა, აღიარებულ არქიტექტორს, რასტრელის იტალიიდან რუსეთში ჩამოჰყოლია. ჯოაკინოს მოცეკვავე ქალი მოსწონებია და ცოლად შეურთავს. მათი პირველი ვაჟის ნათლობის დროს დიაკონმა წაიბურტყუნა: „რაღაცა ლამომა“, მან სახელი - ჯოაკინო გადააკეთა და დაწერა ჟივოკინი. ეს ბიჭი - ვასილი ჟივოკინი, XIX საუკუნის რუსული თეატრის აღიარებული მსახიობი გახდა. მისი შვილიშვილი, ნადეჟდა ჟივოკინი კოტე მარჯანიშვილის მეუღლე და მისი სამი შვილის დედა იყო.

ნადეჟდას მოსკოვის თეატრალური და ლიტერატურული წრე იცნობდა, კოტეს თბილისის. როცა ისინი 1896 წელს, საქართველოს დედაქალაქში ერთმანეთს შეხვდნენ, ორივე სამსახიობო კარიერას იწყებდა. კოტე 24 წლის იყო, ხოლო ნადეჟდა 20-ის.

რას საქმიანობდა წყვილი შეხვედრამდე

კოტე მარჯანიშვილი, ქართული თეატრის მსახიობი
კოტე პაპისეულ სახლის მარანში წარმოდგენებს მართავდა, თელავში გამართულ სპექტაკლებში თამაშობდა, მერე რუსული ოპერეტის თეატრის სპექტაკლებს ესწრებოდა. კოტე მესხმა ქუთაისში მიიწვია და ცოტა ხანი იქ თამაშობდა, მერე თბილისში გაგრძელა მოღვაწეობა... მერე მოსკოვის დრამატულ სკოლაში ლექციების კურსი მოისმინა და საქართველოში დაბრუნდა. თბილისის დასში მას თვეში 75 მანეთს უხდიდნენ.

ნადეჟდა ჟივოკინი სცენაზე გამოვიდა 5 წლის ასაკში. 1896 წელს, როცა მან დრამატული კურსები დაამთავრა, მოსკოვის მცირე თეატრში, მსახიობი ქალის ვაკანსია მხოლოდ ერთი იყო და ეს ადგილი სხვამ დაიკავა. მოსკოვის თეატრების მართველმა  ნადეჟდა დაიბარა და მცირე თეატრში მის დებიუტამდე, ტიფლისის რუსულ დასში პრაქტიკის გავლა ურჩია. 1896 წელს მან კონტრაქტი გააფორმა  მიხაილ შუმილინთან და ზაფხულში საქართველოს გზას დაადგა.

ნადეჟდა ჟივოკინი საქართველოში ჩამოდის

ვლადიკავკაზიდან სამხედრო გზით მოდიოდნენ, ღამის გასათევად სადგურ „ყაზბეგში“ შეჩერდნენ და მგზავრობამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოხდინა, რომ ნადეჟდამ მთელი ღამე ფანჯარასთან გაატარა. მისი თანამგზავრი, ქართველი ქალი საქართველოზე ისეთ საინტერესო ამბებსა და ლეგენდებს უყვებოდა, რომ ახალგაზრდა მსახიობი, არაჩვეულებრივ სიზმარში მოხვდა, რომლის მზიანი ზმანება, ჩრდილოეთის ცხოვრებას არ ჰგავდა. ნადეჟდა ტიფლისის ცენტრში, სასტუმრო „Кавказ“- ში გაჩერდა. მეორე დილით თეატრისკენ გაეშურა, სადაც შუმილინიც გაიცნო და დასის წევრები.

ნადეჟდა ტიფლისის ქუჩებმა მოაჯადოვა, მისთვის ყველაფერი უჩვეულო, ლამაზი და ფერწერული იყო. განსაკუთრებით უამრავმა ხილმა და ყვავილმა მოხიბლა. ის ყიდულობდა ნაირ-ნაირ ნივთებს წარწერით - „Кавказ“ და ყვავილების თაიგულს, რომელიც მხოლოდ 5 კაპიკი ღირდა. მალე მსახიობი წარუდგინეს დრამატურგ გ.ნ. სუნდუკიანცს, რომელიც ვასილი ჟივოკინის ხელოვნების მოტრფიალე იყო.

ნადეჟდამ და კოტემ ერთმანეთი გაიცნეს

ერთხელ ქალიშვილი თეატრში მივიდა და მსახიობებმა  ახალგაზრდა მამაკაცი გააცნეს. ნადეჟდა ჟივოკინი თავის მემუარებში ასე აღწერს ამ ჭაბუკს: „ძალიან ლამაზი, „ჩერკესკაში“ ჩაცმული ქართველი - ეს იყო კონსტანტინ ალექსანდროვიჩი“. ეს მსახიობები კოტე მარჯანიშვილთან ერთად ნიკოლაევში მუშაობდნენ და მის შესახებ ნადეჟდას ბევრი რამ უამბეს, რომ: კოტე მდიდარი იყო, რომელმაც ახლახან მამული გაყიდა და ამჟამად ქეიფობს; ამასთან გაწაფულია საოცარი ამბების თხზვით: ის რამდენიმე ფაეტონს ქირაობს: ერთში ფაფახს დებს, მეორეში ხანჯალს, მესამეში ხმალს, მეოთხეში ნაბადს, მეხუთეში ღვინის ბოთლებს... ბოლო ფაეტონში თვითონ ჯდება, ხან მარტო და ხან მეგობრებთან ერთად და ქალაქის ქუჩებში დასეირნობს. ხან მუშას ქირაობს, რომელსაც კარგ ამინდში, დღისით, მზისით, გოლოვინის პროსპექტის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადაჰყავს. ხანდახან მეგობრების დიდ კომპანიას სასტუმროში ეპატიჟება, სადაც სამი-ოთხი დღე, ნომრიდან გაუსვლელად ქეიფობს.

ნადეჟდა ჟივოკინი წერს: „ეს ამბები ისე არ უხდებოდა მის ლამაზ სახეს, მის გასაოცარ - ხან მოწყენილ და ხან მოცინარ თვალებს, რომ ვკითხე: მართალს ამბობენ თუ არა. ის მსუბუქად შეცბუნდა და მითხრა: „დიახ“. ნადეჟდამ მკაცრი ნოტაცია წაუკითხა, შედეგად, როცა კოტე მარჯანიშვილი გამთენიისას, მის სახლს ფაეტონით ჩაუვლიდა, მხიარულ მეგობრებს აჩუმებდა, ხოლო თვითონ ფაეტონის ძირში ძვრებოდა და შიშისაგან ტყავის წინსაფარსაც აიფარებდა, თუმც ამ დროს მის სატრფოს ეძინა.

კოტემ ნადეჟდას ხელი სთხოვა

ერთხელ რეპეტიცია ძალიან ადრე დამთავრდა. ნადეჟდას გრიბოედოვის საფლავი არ ენახა და სურვილი გამოთქვა. მისი თანხლება სამმა ქართველმა მამაკაცმა მოინდომა. წარმატებით ნასიამოვნებმა ქალიშვილმა, უპირატესობა ყველაზე ახალგაზრდას - კოტე მარჯანიშვილს მიანიჭა. როცა წყვილი, ნადეჟდას საყვარელი მწერლის განსასვენებელს მიუახლოვდა, დიდხანს დუმდა, ბოლოს სიჩუმე კოტემ დაარღვია, რომელმაც ქალიშვილს საფლავის ეპიტაფია წაუკითხა და მერე, ნინო ჭავჭავაძეზე დიდხანს უყვებოდა.
 
ნადეჟდა ჟივოკინი-მარჯანიშვილი, შვილთან ერთად
ახალგაზრდა წყვილმა მთის წვერზე ასვლა გადაწყვიტა. კოტე მარჯანიშვილი საგანგებოდ შეკერილი ტყავის ჩექმებით, როგორც კატა ისე ადიოდა ზევით-ზევით და თან თავის სატრფოსაც ეხმარებოდა. ისინი ერთადერთ მოკრძალებულ რესტორანში შევიდნენ. მიირთვეს მწვადი, თურქული ყავა, ღვინის შეთავაზება ჭაბუკმა ქალს ვერ გაუბედა. ბოლოს  მთის ფერდობზე დასხდნენ და ზღაპრული სილამაზით ტკბებოდნენ.

იყო ოქტომბრის ლამაზი საღამო. მზე უკვე ჩასვლას აპირებდა. ცისფერ ცაზე ვარდისფერი ღრუბლები გამოჩნდნენ. მთები ფერებს იცვლიდნენ, ღამე წვებოდა. ისინი დიდხანს ლაპარაკობდნენ, მანამ, სანამ ცაზე ვარსკვლავები არ აკიაფდნენ და ქალაქში ჩირაღდნები არ აინთო. დაბნელდა. ქალაქში წასვლის დრო დადგა. კოტემ ნადეჟდას ხელი სთხოვა და ქალიშვილიც დათანხმდა. ქორწილის გადახდას მოსკოვში აპირებდნენ, მაგრამ ბედმა ეს ამბავი დააჩქარა.

შემთხვევა თეატრში და დაჩქარებული ქორწილი

მეორე დღეს ნადეჟდა ჟივოკინის რეპეტიცია ჰქონდა. მსახიობმა მიჩურინ-სამოილოვმა, სათავისოდ, საინტერესო რამ მოიფიქრა და ნადეჟდას მიმართა: „როცა პირველ აქტში გამოვალ, ჩამეხუტეთ და ჩემი აქსელბანდებით თამაში დაიწყეთ.“ ნადეჟდამ უარი უთხრა, იმ მოტივით, რომ: 17 წლის ქალიშვილი, პირველად ნანახ მამაკაცს, კისერზე ვერ ჩამოეკიდება და არც აქსელბანდებით დაიწყებს თამაშს. მიჩურინი დარწმუნებული იყო, რომ ნადეჟდა ფარ-ხმალს დაყრიდა და გამოსცრა: „მაგასაც ვნახავთ“. ნადეჟდამ სიტყვა შეასრულა. როცა ფარდა დაეშვა, მიჩურინმა ისეთი სიტყვებით მიმართა მას, რომ ატირებული ქალიშვილი ოთახში გაიქცა, გრიმი მოიხსნა და შინისკენ გაემართა - როგორ გამიბედეს! ნადეჟდა ყველა აქტში იყო დაკავებული და მას ვერავინ შეცვლიდა. შუმილინის მეუღლე დიდხანს ამშვიდებდა, დაუჩოქა კიდეც. ამ საუბარს კოტე მარჯანიშვილი შეესწრო, ვიღაცამ ეს ამბავი მოუყვა და ორაზროვანი რაღაც დაუმატა. კოტე გაცხარდა, მაგრამ როცა დაინახა, რომ გარშემო ყველა დამცინავად იღიმოდა, იქვე მდგომ შუმილინს გამოუცხადა: „ის ჩემი საცოლეა, ხოლო კვირას ჩვენი ქორწილია“.
 
ეს ამბავი პარასკევს მოხდა, კოტე მარჯანიშვილმა სახალხოდ მიცემული პირობა არ დაარღვია და ერთი დღის მერე, 1896 წლის 6 (13) ოქტომბერს წყვილმა წმინდა ბარბარეს ეკლესიაში ჯვარი დაიწერა. მექორწილენი მეტეხის ხიდიდან დაიძრნენ ფაეტონებით. ნახევრად დახურულ წინა ფაეტონში წითელ-ყვითელი ბაფთებით ფაფარდაწნული ცხენები ება, რომელშიც კოტე და ნადეჟდა ისხდნენ. ნეფეს ფრაკი ეცვა, დედოფალს საქორწინო თეთრი კაბა, დანარჩენი ორი ფაეტონით მათი ახლო მეგობრები - ქართული და რუსული დასების მოღვაწენი, ეტლებით კოტეს უბნელი, ჩუღურეთელი ყარაჩოხელები მიდიოდნენ. ჯვრისწერის მერე, მეგობრებმა მათ სოღანლუღში, ჭუტალა მელქუას დუქნის ეზოში, ქორწილი გადაუხადეს.

1897 წელს კოტე მარჯანიშვილი, მეუღლესთან ერთად გაემგზავრა რუსეთში, სადაც რეჟისორული მიგნებებით სახელი მოიხვეჭა, თითქმის 25 წელი დაჰყო იქ და საქართველოში ჩამოვიდა.

კოტე მარჯანიშვილის და ნადეჟდა ჟივოკინის ჰყავდათ სამი შვილი: თამარი, მილიცა, კონსტანტინე. ადრეულ ასაკში გარდაიცვალა ჯერ მილიცა და მოკლე ხანში, თამარი. როგორც ერთი ავტორი წერს, ეს ამბავი ოდინცოვოში მომხდარა და კოტე მარჯანიშვილს საკუთარი ხელით გაუთხრია მათი საფლავები.
 
კონსტანტინე კონსტანტინეს ძე მარჯანიშვილი
მესამე შვილს - კონსტანტინეს მამის გზა არ გაუგრძელებია, ის მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი იყო, აკადემიკოსი და მუშაობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში.



მანანა ტურიაშვილი



Комментариев нет:

Отправить комментарий